„იუვენტუსს“ სურს, რომ რონალდომ გუნდში 39 წლის ასაკამდე ითამაშოს
„იუვენტუსს“ სურს, რომ რონალდომ გუნდში 39 წლის ასაკამდე ითამაშოს

ტურინის „იუვენტუსს“ სურს თავის ლიდერთან კრიშტიანო რონალდოსთან 2024 წლის ზაფხულამდე კონტრაქტის გაგრძელება. 35 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდეა ძალაში.

ასე რომ, თუ რონალდო დათანხმდება „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გაგრძელებას, ის გუნდში 39 წლამდე დარჩება.

იმისთვის, რომ კრიშტიანომ არ მოისურვოს ტურინელთა რიგებიდან წასვლა, „იუვენტუსი“ აპირებს ორი ახალი ფორვარდის შეძენას. კლუბი განიხილავს ტიმო ვერნერის („ლაიპციგი“), გაბრიელ ჟესუსის („მანჩეტერ სიტი“), ჰარი კეინისა („ტოტენჰემი“) და მაურო იკარდის („ინტერი“) კანდიდატურებს.

ამ სეზონში რონალდომ 32 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. ამჟამინდელი კონტრაქტით, პორტუგალიელი წელიწადში 31 მილიონ ევროს იღებს.