„იუვენტუსმა" იტალიის თასი ზედიზედ მეოთხედ აიღო
„იუვენტუსმა" იტალიის თასი ზედიზედ მეოთხედ აიღო

ტურინის “იუვენტუსი” იტალიის თასის მფლობელი ზედიზედ მეოთხედ გახდა. რომში სტადიონ “ოლიმპიკოზე” გამართულ ფინალში ტურინულმა კლუბმა 4:0 გაანადგურა “მილანი”.

“იუვენტუსმა” ყველა გოლი მეორე ტაიმში 20-წუთიან ინტერვალში გაიტანა. 56-ე წუთზე ანგარიში მეჰდი ბენატიამ გახსნა, მომდევნო სამ გოლში კი ბრალი მიუძღვის “მილანის” მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას.

სწორედ მისი შეცდომების შემდეგ, დუგლას კოშტამ და ისევ ბენატიამ 3:0 გახადეს ანგარიში, 76-ე წუთზე კი ნიკოლა კალინიჩმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი.

“იუვენტუსმა” მეცამეტედ მოიგო იტალიის თასი. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა “რომა” რომელსაც ქვეყნის თასი 9-ჯერ აქვს აღებული.

ტურინელებს დუბლის მოპოვების რეალური შანსი აქვთ – შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე, “იუვენტუსი” ლიდერია და მხოლოდ ერთი ქულა სჭირდება იმისთვის, რომ ჩემპიონობა მოიპოვოს.