„იუვენტუსი“ ათასიანთა კლუბს შეუერთდა
„იუვენტუსი“ ათასიანთა კლუბს შეუერთდა

იტალიის ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ში ასპროცენტიან მაჩვენებელს ინარჩუნებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო, როცა პაულო დიბალასა და ბლეზ მატუიდის გოლებით „ბოლონია“ 2:0 დაამარცხა.

ამჯერად უგოლოდ დატოვა მოედანი კრიშტიანუ რონალდუმ, სამაგიეროდ საგოლე პასი მისცა მატუიდის.

თუ გავითვალისწინებთ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ვალენსიასთან“ მოგებას, „იუვენტუსმა“ სეზონი ზედიზედ შვიდი მოგებით დაიწყო, რაც ბოლო 88 წლის განმავლობაში იტალიაში არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია.

გარდა ამისა, „იუვენტუსი“ გახდა პირველი გუნდი იტალიაში, რომელსაც საკუთარ მოედანზე 1000 მოგება დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით, ევროპის ხუთი საუკეთესო ჩემპიონატიდან ტურინული კლუბი მერვე ადგილს იკავებს. მასზე წინ არიან:

„ლივერპული“ (1230), „ევერტონი“ (1224), „არსენალი“ (1187) „მანჩესტერ იუნაიტედი“ (1122), „ასტონ ვილა“ (1106), „რეალი“ (1078) და „ბარსელონა“ (1067).

„იუვენტუსი“ სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია – მას 18 ქულა აქვს სამი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ნაპოლის“.