იუსუფ ნურკიჩი - ევრობასკეტზე მედლისთვის მივდივართ #1TVSPORT
იუსუფ ნურკიჩი - ევრობასკეტზე მედლისთვის მივდივართ #1TVSPORT

ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების ლიდერის, იუსუფ ნურკიჩის ინტერვიუ, რომელშიც ის ევრობასკეტზე თავისი გუნდის მიზნებზე საუბრობს. NBA-ის კლუბ „შარლოტ ჰორნეტსის“ წევრის მოსაზრება ქართველი გულშემატკივრისთვისაც საინტერესოა, რადგან ბოსნიელები ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ჯგუფში ითამაშებენ.

„კარგი გუნდი გვყავს, თუმცა მიზნისკენ თამაშ-თამაშ უნდა ვიაროთ. 1993 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატებზე ჯგუფიდან არ გავსულვართ. ეს ნავსი კვიპროსში უნდა გავტეხოთ. თუმცა ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა, არამედ მედლის მოგებაა“.

იუსუფ ნურკიჩი NBA-ში მეათე სეზონს ატარებს. თამაშობდა „დენვერში“, „პორტლენდში“ და „ფინიქსში“, ამჟამად კი „შარლოტის“ ღირსებას იცავს. NBA-ის ვარსკვლავებიდან ზოგი ერიდება ნაკრებში ჩასვლას, თუმცა სხვაგვარად ფიქრობს ნურკიჩი:

„ფიბა-ს ღონისძიებათაგან ყველაზე მეტად ევროპის ჩემპიონატი მიყვარს. მხოლოდ ევროპის გუნდებია, უცნობი არავინაა. ვიცით, ვისგან რას ველოდოთ. ევრობასკეტებზე საუკეთესო კალათბურთს ვნახულობთ. ბოსნია-ჰერცეგოვინაში კალათბურთი ძალიან უყვართ, ყოველთვის, როცა მოედანზე გავდივარ, ჩემს ქვეყანას ვგრძნობ“.