იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვს კანდიდატს შეარჩევს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვს კანდიდატს შეარჩევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. სხდომაზე საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორის, უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ექვს ვაკანტურ ადგილზე საბჭოს მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის კანდიდატების წარდგენაა.

მას შემდეგ, რაც უზენაეს სასამართლოში არსებულ 20 ვაკანტურ ადგილზე პარლამენტში დაამტკიცეს 14 მოსამართლე, უმაღლეს ინსტანციაში დარჩა ექვსი ვაკანტური ადგილი. საბჭო დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული კონკურსის ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე გადასული 50 კანდიდატიდან ექვსს შეარჩევს. დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა აღნიშნულ კანდიდატთა ვინაობა, რომელთაც საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებენ.

ვინაიდან კანდიდატებს უკვე აქვთ გავლილი გასაუბრება საბჭოში, აღნიშნულ პროცედურას მოსამართლეები მხოლოდ პარლამენტში გაივლიან. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ მოხდება აღნიშნული ვაკანსიების შევსება, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო კიდევ რამდენიმე ტექნიკურ საკითხს გადაწყვეტს. მათ შორის იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მიღების შესახებ. ასევე დღეს გადაწყდება თარიღი, როდიდან დაიწყება იმ მოსამართლეთა განაცხადების მიღება, ვისაც კონკურსგარეშე საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ ვაკანსიებზე გადასვლა სურს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 16:00 საათზე დაიწყება.