იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე თანხმობა მიიღო
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე თანხმობა მიიღო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე თანხმობა მიიღო. საბჭომ კენჭისყრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის მოსმენის შემდეგ მიიღო.

საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, საკითხი სადაო იყო და ამიტომ უნდა განხილულიყო სიღრმისეულად.

„როგორც დაინახეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ეშინია ინფორმაციის გასაჯაროების, უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა იყო, რასაც მიეძღვნა დღევანდელი სხდომა. 137 კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განცხადებები და თანდართული ყველა დოკუმენტი, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა, გახდება ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო საბჭოს წევრებისთვის და ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს თუ ასე გული შესტკიოდათ საზოგადოების ინტერესზე, მათ თავისუფლად შეეძლოთ, საკუთარი, პირადი პასუხისმგებლობითაც გაესაჯაროებინათ ეს ინფორმაცია. მათი ეს მთელი ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს რაღაცას ვმალავთ ან გვეშინია რაღაც ინფორმაციის, არის აბსურდი. უბრალოდ, თვითონაც ხვდებოდნენ, რომ საკითხი სადავო იყო და კოლეგიალურად განხილვას საჭიროებდა“, – განაცხადა დიმიტრი გრიტიშვილმა.

საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება მათი დიდი ძალისხმევის შედეგია.

„რეალურად, გამოვიდა ისე, რომ ყვავს გავაგდებინეთ კაკალი. ამ პროცესში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიღებული იყო ეს. დანარჩენი პრობლემები ღიად რჩება. თქვენ ნახეთ, რომ ირაკლი შენგელია და თამარ ონიანი, რომელთა ახლო ნათესავებიც მონაწილეობენ ამ კონკურსში, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დისკუსიობდნენ და აქაც არის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მათ მიერ გამოთქმული ნებისმიერი აზრი აღიქმება ისე, რომ ისინი შესაძლოა მოქმედებნენ იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება მათ ახლო ნათესავების მონაწილეობას ამ კონკურსში“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დატოვე კომენტარი