იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვაკანტურ ადგილზე მოსამართლის შერჩევა მომავალი კვირისთვის გადადო
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვაკანტურ ადგილზე მოსამართლის შერჩევა მომავალი კვირისთვის გადადო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ერთ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატის შესარჩევად ხუთ მოსამართლესთან გასაუბრება გამართეს.

კანდიდატებს შორის იყვნენ გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლეები, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილი. კანდიდატებმა გასაუბრებისას სამუშაო ადგილის შეცვლის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელეს.

საბჭოს დღეს გადაწყვეტილება არ მიუღია, წევრები შეთანხმდნენ, რომ ვაკანსიაზე შესაბამისი კანდიდატის გასამწესებლად დამატებითი დრო არის საჭირო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, საბჭოს არამოსამართლე წევრების კითხვები პროცესთან მიმართებით უსაფუძვლოა.

„დღევანდელი საკითხი იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადატვირთულობის გამო. სტატისტიკურად დადასტურებულია და ყველა წევრმა იცის საბჭოში, რომ ყველაზე მეტი საქმე დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს სასამართლოებში სამოქალაქო მიმართულებით არის რუსთავში. თითო მოსამართლის წარმოებაში 1000-ზე ზევით ადის ეს ნაშთები. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაბუთება, რატომაც განვიხილეთ ჩვენ ეს საკითხი. ნებისმიერ საკითხში რომ ვეძებოთ რაღაც ბნელი წერტილები და უსაფუძვლოდ ეჭვები გავაჩინოთ, ვფიქრობ, არ ემსახურება არანაირ მიზანს გარდა იმისა, რომ დისკრედიტაცია მოხდეს საბჭოსი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.