იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
„გაცნობებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილია არჩილ გორდულაძის, რატი იონათამიშვილის დავით მათიკაშვილის, თორნიკე ჭეიშვილის, აკაკი ალადაშვილისა და თენგიზ შარმანაშვილის კანდიდატურები. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილია გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურა, ხოლო საპარლამენტო ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტებისგან“ – ნიკა ელისაშვილი. რაც შეეხება არასაპარლამენტო სუბიექტებს, ტრადიციისამებრ, რომელიც დამკვიდრებულია არაერთი წელია და, როგორც წესი, არის ხოლმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, ამ შემთხვევაში ოთარ ჩახუნაშვილი იქნება სამუშაო ჯგუფის წევრი. შემდეგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი. გთავაზობთ, სამუშაო ჯგუფის ვადად განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი. გთავაზობთ ამ ვერსიას, ასევე გაცნობებთ, რომ ფრაქციას „საქართველოსთვის“ გაეგზავნა წერილი, მათ აპარატთან კომუნიკაციის შედეგად დადასტურებული იქნა, რომ ისინი სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი არ იქნებიან. ამავდროულად, კომიტეტის თითოეული წევრისთვის გაგზავნილია კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, რაც წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და ჩვენ შეგვეძლება, კანონით გათვალისწინებულ ვადაში და არა უადრეს 14 დღისა, მოვუსმინოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე შერჩევის პროცედურის მიმდინარეობისას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექვსმა პირმა მიმართა, რის შემდეგაც კანდიდატების საჯარო მოსმენა გაიმართა. იუსტიციის საბჭოს წევრების შეფასებების შედეგად შემდეგ ეტაპზე გადავიდა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი დავით მამისეიშვილი. ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენის მიზნით, მამისეიშვილის კანდიდატურას კენჭი ეყარა. სხდომას იუსტიციის საბჭოს ცამეტი წევრი ესწრებოდა და მას ყველა მათგანმა დაუჭირა მხარი. დავით მამისეიშვილს პარლამენტში, სავარაუდოდ, ორ კვირაში მოუსმენენ.