იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა-დანიშვნის წესში ცვლილებები დაამტკიცა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა-დანიშვნის წესში ცვლილებები დაამტკიცა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა-დანიშვნის წესში ცვლილებები 11 მომხრე ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ცვლილებებს კენჭი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ეყარა. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა. ის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას შესაბამისი უწყებების ჩამონათვალში სახალხო დამცველის აპარატის ჩართვასაც მოითხოვდა, თუმცა საბჭომ აღნიშნული წინადადება არ გაითვალისწინა.

ცვლილებების მიხედვით, რომელიც უკვე ამოქმედდა, დაკონკრეტდა და განისაზღვრა უწყებებისა და ინფორმაციის ჩამონათვალი, რომლიდანაც და რომელიც კანდიდატის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისმა დეპარტამენტმა უნდა მოიძიოს. აღნიშნული უწყებებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სასამართლო, დამოუკიდებელი ინსპექტორი და ა.შ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ დროისთვის მოსამართლეობის 43 ვაკანსიაზე აქვს კონკურსი გამოცხადებული. ცვლილებების შედეგად, საბჭოს შესაბამისი დეპარტამენტი კანდიდატების შესახებ ინფორმაციას განახლებული წესით მოიძიებს.

აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  რეკომენდაციების საფუძველზე მოამზადა. ორგანიზაციამ, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესში შესატანი რეკომენდაცია გასულ კვირაში წარადგინა.