იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განაცხადის ის ფორმა დაამტკიცა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განაცხადის ის ფორმა დაამტკიცა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმსჯელა და განაცხადის ის ფორმა დაამტკიცა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ.
განაცხადი, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების შესარჩევი განაცხადის მსგავსია. საბჭომ გადაწყვეტილება, განაცხადის დამტკიცების შესახებ ხმათა უმრავლესობით მიიღო, ერთადერთი ვინც საკითხს მხარი არ დაუჭირა, საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იყო. დოლიძემ საკუტარი გადაწყვეტილების მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ საბჭომ განაცხადის ფორმის შესახებ, პროექტი წინასწარ არ გამოაქვეყნა.

„მხარი არ დავუჭირე ამ ფორმას, იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭო ცალ კარში აგრძელებს თამაშს. მან დაიწყო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პროცედურული დემოკრატიის ელემენტარული პრინციპის დარღვევით. წინასწარ არ გამოაქვეყნა პროექტი. პროექტი მხოლოდ საბჭოს შემადგენლობისთვის არის ცნობილი. ეს აბსოლუტურად უგულებელყოფს მონაწილეობის, დემოკრატიულობის პრინციპს. არავის ჰქონდა საშუალება საზოგადოებრივი ჯგუფებიდან, მაგალითად, ადვოკატებს, პროფესორებს ან ვინმე სხვას, საბჭოს წევრების გარდა, რომ ელემენტარული კომენტარები გაეკეთებინა ამ ფორმასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი განაცხადის ფორმაზე იმსჯელა, განცხადების მიღება კი ჯერ არ დაწყებულა. სავარაუდოდ პროცესი მიმდინარე კვირაში დაიწყება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ საბჭო, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კიდევ ერთი სხდომა ჩანიშნოს.