იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივაზე კენჭისყრა გადადო
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივაზე კენჭისყრა გადადო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივის კენჭისყრა გადადო.

ჯანეზაშვილის ინიციატივა ითვალისწინებდა, გაიცეს დანამატი იმ მოსამართლეებზე, რომლებიც სასამართლოს, კოლეგიის და პალატის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებენ.

როგორც დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა განმარტეს, როდესაც მოსამართლე სასამართლოს, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, ასეთ შემთხვევაში მას შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეს, თუმცა ვიდრე გადაწყვეტილებას საბოლოოდ კენჭისყრაზე დააყენებენ, შეთანხმდნენ, რომ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციებია საჭირო.

საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ დანამატი ასეთ პირებზე მინიმუმ ერთთვიანი მუშაობის შემდეგ უნდა გაიცეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, აღნიშნულ წესს, შრომის კანონმდებლობაც ითვალისწინებს.

„სხდომაზე არაერთგვაროვანი შეხედულებები იყო წარმოდგენილი. იყო პროექტი, რომელიც აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას გვთავაზობდა დანამატების განსაზღვრის გზით, რაც ვფიქრობ, გამოიწვევდა დამატებით კითხვებს. სწორედ ასეთი პოზიცია დავაფიქსირე საბჭოზე, რომ დანამატების საკითხი მაქსიმალურად ერთგვაროვნად გვაქვს დარეგულირებული და გამოჩნდებოდა რაღაც ახალი ტიპის დანამატი, რომელიც საზოგადოებისთვის შესაძლოა, გარკვეული და ბუნდოვანი ყოფილიყო. შევთავაზე, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ვიფიქროთ იმაზე, რომ სარგოს სახე მივცეთ, რადგან საკითხი მეტად გამჭვირვალედ, სწორი წესით დავადგინოთ. როგორ დარეგულირდება ეს ტექნიკურად, სწორედ ამაზე მსჯელობდა საბჭო. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მივიღეთ. უფრო სწორი იქნება, რომ სარგოს ოდენობა განისაზღვროს, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით ზუსტად სარგოს ოდენობაზეა მიბმული დანამატის ოდენობაც“, – განაცხადა მიქაუტაძემ.