იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მათი საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ ფარულად შეაფასებენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მათი საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ ფარულად შეაფასებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მათი საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ ფარულად შეაფასებენ. შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის.

ცვლილებებით კანდიდატთა შერჩევის პროცედურა მარტივდება და კანონის მოთხოვნა უქმდება, რომლის გათვალისწინებით, კანდიდატთა შეფასებების დასაბუთებები საჯაროა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე საბჭოს წევრების ვინაობის მითითებით ქვეყნდება.

მმართველი გუნდის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე ყოველგვარი შესაძლო – როგორც გარე ძალების, ისე შიდა კორპორაციული – ზეგავლენის პრევენციისთვის კანდიდატთა შეფასებები ასევე მათთან დაკავშირებული კენჭისყრები ფარულად საბჭოს დახურულ სხდომებზე უნდა შედგეს.

ცვლილებების მიხედვით, თუ პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატის არჩევის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, საბჭოს შეეძლება პარლამენტს კანდიდატი ხელახლა წარუდგინოს ან შესარჩევი პროცედურა თავიდან დაიწყოს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, დასაშვები იქნება მხოლოდ საბჭოს წარდგინების გასაჩივრება და აღარ მოხდება ე.წ. საბუთების გადარჩევისა და საჯარო მოსმენის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება. ასევე, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს დააკმაყოფილებს, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ იმავე კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს, სხვა კანდიდატს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ ერთჯერადად შეეძლება.

ამასთან, ცვლილებები საზოგადოების ინფორმირებასაც ეხება. კერძოდ, მოქმედი კანონით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩევის პროცედურის დაწყებას აცხადებს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს, ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით და შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებრივ მაუწყებელსა და არანაკლებ ორ ეროვნულ მაუწყებელს აწვდის. ცვლილებებით, ინფორმაციის არანაკლებ ორი ეროვნული მაუწყებლისთვის მიწოდების ვალდებულება უქმდება.