იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მხარს უჭერენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი არ შეჩერდეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მხარს უჭერენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი არ შეჩერდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მხარს უჭერენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი არ შეჩერდეს და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, მზად არის მუშაობა გააგრძელოს, ვიდრე არ დასრულდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი. ამასთან, მან განმარტა ორი დღის წინ, მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება შესაძლოა, რაღაც ეტაპზე შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს.

„კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ჩემი ეს განცხადება საბჭოს სხდომაზე მსჯელობის საგანი არ ყოფილა. ეს იყო ჩემი, როგორც ერთი წევრის პოზიცია. რა თქმა უნდა, ვემორჩილები საბჭოს წევრების გადაწყვეტილებას. მზად ვიყავი და ახლაც ვარ, რომ გავაგრძელო მუშაობა, ამან რამდენი დროც არ უნდა წაიღოს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

გასაუბრების პროცესის გაგრძელების მომხრეა საბჭოს მოსამართლე წევრი ირაკლი შენგელია.

„გავაგრძელოთ პროცესი. არავითარი შეჩერება, მივყვეთ ნორმალურ რეჟიმს, გადმოვედით თქვენს დღის წესრიგზე და დღეში ორ-ორ კანდიდატს ვესაუბრებით. გთხოვთ, ქალბატონო ნაზი და ქალბატონო ანა დააფიქსიროთ თქვენი პოზიციაც აღნიშნულ საკითხზე, ხართ თუ არა თანახმა“, – აღნიშნა ირაკლი შენგელიამ.