იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ონიანი აირჩიეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ონიანი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ონიანი აირჩიეს. მოსამართლეთა კონფერენციაზე მყოფმა 253-მა მოსამართლემ თამარ ონიანს დაუჭირა მხარი.

მისმა კონკურენტმა შალვა კაკაურიძემ კი 20 ხმა მიიღო.

გამარჯვებულმა კანდიდატმა თამარ ონიანმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა. კითხვაზე, რა პრობლემებს ხედავს ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და როგორ აპირებს მოგვარებას, ონიანი ამბობს, რომ ამჟამად იუსტიციის საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის კომუნიკაციის პრობლემაა.

საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, დღევანდელმა კენჭისყრებმა დაადასტურეს, რომ იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მხარდაჭერილია მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ.

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი კი არამოსამართლე წევრებს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, არამოსამართლე წევრების ნაწილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ საბჭოს ახალ წევრად გიორგი ტყავაძეს აირჩევდნენ, რაც, საბოლოოდ, არ დადასტურდა.

მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად მოსამართლეებმა თამარ ონიანი და შალვა კაკაურიძე დაასახელეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან თევზაძე საბჭოს წევრობისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე გამწესდა. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე გახდა.