იუსტიციის უმაღლესი საბჭო - ზუგდიდის სასამართლოში ორმა ადვოკატმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - ზუგდიდის სასამართლოში ორმა ადვოკატმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს.

„11 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მყოფმა ორმა ადვოკატმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. ამის საფუძველზე ითხოვეს სხდომის გადადება. მას შემდეგ, რაც სასამართლოს თანამშრომლებმა ადვოკატების თვითიზოლაციაში ყოფნის შესახებ შეიტყვეს, მყისიერად იმოქმედეს და სთხოვეს შენობის დატოვება. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი ადვოკატი სხდომათა დარბაზში შევიდა და თავად წარადგინა შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფაქტის შესახებ შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, მათ შორის საპატრულო პოლიციას. მათ ადგილზევე შეისწავლეს არსებული ვითარება“, – აცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაო.

„რაც შეეხება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადადებული პროცესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას – ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გადაიდო მხოლოდ ორი პროცესი თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღევანდელი შემთხვევა განსაკუთებული შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს.

სასამართლო სისტემა ყურადღებით ეკიდება და სრულად ითვალისწინებს კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებულ რეკომენდაციებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა“, – აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი