იუსტიციის უმაღლესი საბჭო - ყველა სუბიექტს მოვუწოდებთ, საარჩევნო დავების განხილვის შესახებ გაავრცელონ სასამართლოში საქმეთა მოძრაობის რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - ყველა სუბიექტს მოვუწოდებთ, საარჩევნო დავების განხილვის შესახებ გაავრცელონ სასამართლოში საქმეთა მოძრაობის რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია

სასამართლოს მიერ, საარჩევნო უბნების შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელების 16 პროცენტზე მეტის დაკმაყოფილების გზით, 17 საარჩევნო უბანი დაექვემდებარა ხელახლა გადათვლას, ხოლო ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილად არის ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს საერთო სასამართლოებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასინჯვასთან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელების 99 პროცენტი არ დააკმაყოფილეს. წარმოგიდგენთ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლითაც ცხადია, რომ აღნიშნული განცხადება სიცრუეა და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კერძოდ: საერთო ჯამში, საქართველოს საერთო სასამართლოებში შესულია 96 სარჩელი. აქედან 60 სარჩელით მოთხოვნილი იყო სხვადასხვა საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა ან ხელახალი გადათვლის დავალება. სასამართლოს მიერ, საარჩევნო უბნების შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელების 16 პროცენტზე მეტის დაკმაყოფილების გზით, 17 საარჩევნო უბანი დაექვემდებარა ხელახლა გადათვლას, ხოლო ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილად არის ცნობილი“, – აცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

მათივე ცნობით, სარჩელების დანარჩენი ნაწილი (სარჩელების საერთო რაოდენობის 37 პროცენტზე მეტი) შეეხებოდა არაუფლებამოსილი სუბიექტების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრების განუხილველად დატოვების კანონიერებას.

„რამდენადაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 42-ე მუხლის, 78 -ე მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტების იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, დადასტურდა საჩივრების არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წარდგენის ფაქტი, აღნიშნულით გამოირიცხა სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის შინაარსობრივი ნაწილის განხილვისა და შეფასების შესაძლებლობა. არჩევნების შედეგებით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს მოვუწოდებთ, საარჩევნო დავების განხილვის შესახებ გაავრცელონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც სასამართლოში საქმეთა მოძრაობის რეალურ მონაცემებს ეფუძნება“, – ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.