იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კენჭისყრის თარიღის განსაზღვრაზე ხვალ იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კენჭისყრის თარიღის განსაზღვრაზე ხვალ იმსჯელებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით და მცირე კამათით დაიწყო.

საბჭოა არამოსამართლე წევრი დაინტერესდა, თუ როდის გაიმართება კენჭისყრა იუსტიციის საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის დასრულების შემდეგ. არამოსამართლე წევრი ითხოვს, რომ გადაწყვეტილება ღია სხდომაზე იყოს მიღებული.

ნაზი ჯანეზაშვილს უპასუხა საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

„ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ კანონით განსაზღვრული რეგულაციის თანახმად, მხოლოდ გასაუბრების პროცესის სრულად დასრულების შემდეგ, უახლოეს სხდომაზე ჩაინიშნება კენჭისყრა. თქვენს გარეშე არ გადავწყვეტთ. ხვალ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როდის იქნება კენჭისყრა. ეს ჩვენი ახირება არ არის“, –
განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის თარიღის განსაზღვრაში მონაწილეობა ყველა წევრმა უნდა მიიღოს.

„უახლოესი სხდომა შეიძლება ჩატარდეს დეკემბერში, თეორიულად ვამბობ. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრის თარიღის განსაზღვრის შესახებ საკითხის გადაწყვეტაში და მაინტერესებს, როდის მიიღებს საბჭო ამაზე გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

„რაღაცა დავალება მიიღეთ ქალბატონო ნაზიბროლა, უნიჭოდ ასრულებთ ამ დავალებას. შეწყვიტეთ ეს დესტრუქცია“, – ასეთი რეპლიკით გამოეხმაურა ნაზი ჯანეზაშვილს საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ხვალ, კანდიდატებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ, საბჭო იმსჯელებს კენჭისყრის თარიღის განსაზღვრაზე.

დატოვე კომენტარი