იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს კენჭს უყრის
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს კენჭს უყრის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს კენჭს უყრის. საბჭომ სამ კანდიდატთან, ლევან თევზაძესთან, თამარ ოქროპირიძესთან და ვასილ როინიშვილთან გასაუბრება გასულ კვირას გამართა, რის შემდეგაც კანდიდატთა შეფასების ქულები გაასაჯაროვა. დღეს კი კენჭისყრა გაიმართება. სწორედ დღეს გაირკვევა იმ კანდიდატის ვინაობა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

პროცედურულად ორი კენჭისყრაა დაგეგმილი – პირველი კენჭისყრით სამი კანდიდატიდან ერთი შეირჩევა, შემდეგ კი კენჭს უყრიან შერჩეულ კანდიდატს პარლამენტისთვის გადასაგზავნად. იმისთვის, რომ კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოს წარედგინოს, მას საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც უმაღლეს ინსტანციაში ერთ-ერთ მოსამართლეს, ვასილ როინიშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურა. თავდაპირველად, კონკურსის შედეგად ერთ ვაკანტურ ადგილზე 16 კანდიდატი შეირჩა, საიდანაც სამმა შეძლო გასაუბრების ეტაპზე გადასვლა.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წერილზეც იმსჯელებს, თუმცა წერილის შინაარსი უცნობია.

დღესვე, საბჭო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნად კანდიდატებსაც გაესაუბრება. ასევე გასაუბრება გაიმართება იმ მოსამართლეებთანაც, ვისაც საერთო სასამართლოების სისტემაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურს გარეშე დანიშვნა სურს. სავარაუდოდ კენჭისყრაც დღესვე გაიმართება.

სულ საბჭოს სხდომაზე 17 საკითხზე იმსჯელებენ. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი