იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება.

გასაუბრებას ის მოსამართლეები გაივლიან, რომლებიც თანამდებობაზე 2015 წლის 1-ელ აგვისტოს სამი წლის ვადით დაინიშნენ და ვადა უახლოეს მომავალში ეწურებათ. ასეთი ამ ეტაპზე შვიდი მოსამართლეა. ესენი არიან: ნანა აფციაური, ეკატერინე კულულაშვილი, დავით კურტანიძე, ქეთევან მინაშვილი, თამარ ოქროპირიძე, ანა ჩხეტია, დავით წერეთელი.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგს, დღეს საბჭო 10 საკითხს განიხილავს. მათ შორის არის საკითხი, რომლის მიხედვითაც, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ახალი პროგრამის – „სასამართლოს მრჩევლის“ პრეზენტაციას გეგმავს. პროგრამის მიზანია სასამართლო სისტემის გაძლიერებაში დახმარება.

გარდა ამისა, საბჭო გაესაუბრება კონკურსის გარეშე, სხვა სასამართლოში დანიშვნის მსურველ მოსამართლეებსაც. ასევე, საბჭო იმსჯელებს სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შესრულების ექვსთვიანი ანგარიშის ერთწლიანი ანგარიშით ჩანაცვლების შესახებ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.