იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხს განიხილავენ, მათ შორის საქმეთა ელექტრონული განაწილების შესახებ ცვლილებებს, ასევე საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ორ ინიციატივას.

ჯანეზაშვილის ინიციატივებიდან ერთი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა საჯაროობას, ხოლო მეორე თანამდებობებზე პირთა დანიშვნისას გენდერული ასპექტის გათვალისწინებას გულისხმობს.

აღნიშნულ საკითხებს ავტორი გასულ სხდომებზეც აყენებდა, თუმცა ამ დრომდე მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

გარდა აღნიშნული საკითხებისა, დღეს საბჭოს წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეთა დატვირთულობის შესახებ 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს მოისმენენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.