იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრები დღის წესრიგით ოთხ საკითხს განიხილავენ. მათ შორის პირველივე საკითხადაა ჩანიშნული სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის განხილვა, რომელიც ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ეხება. აღნიშნული საკითხი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში უკვე მესამედ ჩაინიშნა, თუმცა განხილვა ორი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდა. მიზეზი კი ომბუდსმენის სხდომაზე გამოუცხადებლობაა.
საბჭოს მოსამართლე წევრები ითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა ავტორთან ერთად მომხდარიყო, თუმცა ნინო ლომჯარიამ სხდომაზე მისვლა ვერ მოახერხა, რადგან პარალელურად აღნიშნული დოკუმენტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ჰქონდა დაგეგმილი.
უკვე ცნობილია, რომ დღეს სხდომას სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე დაესწრება.
გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო კიდევ რამდენიმე ტექნიკურ საკითხს განიხილავს.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.