იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხებს შორისაა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინიციატივა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ კანდიდატის განხილულ საქმეებზე (თუ ასეთი არსებობს) მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებას გულისხმობს.

აღნიშნული ინიციატივა ანა დოლიძემ რამდენიმე კვირის წინ დააყენა და საბჭოს წევრებს საკუთარი მოსაზრება გააცნო, ამჯერად კი უკვე საკითხს ინიციატივის სახე ექნება.

გარდა აღნიშნული საკითხისა, ანა დოლიძეს კიდევ ერთი ინიციატივა აქვს, რომელიც სასამართლოს და ასევე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებას ითვალისწინებს. ანა დოლიძეს აღნიშნულ წესთან დაკავშირებით შენიშვნები გასულ სხდომაზეც ჰქონდა. დოლიძე ამბობს, რომ აუცილებელია თავმჯდომარის ინსტიტუტის ცვლილება, რათა სასამართლო სისტემაში გავლენის შესახებ არსებული კითხვის ნიშნები მოიხსნას.

დღევანდელ სხდომაზე მომხსენებელი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილიც იქნება, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ რეკომენდაციებს წარადგენს, რომელიც საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობას ეხება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.