იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები, დღის წესრიგის თანახმად, 11 საკითხს განიხილავენ.

პირველი საკითხი მოსამართლე ილონა თოდუას განმარტებას ითვალისწინებს, რომელიც მისი მისამართით საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება.

საუბარია საბჭოს არამოსამართლე წევრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე. ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ აქვს ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ილონა თოდუამ გუშინვე გააკეთა წერილობითი განმარტება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ სხდომაზე დამატებითი მსჯელობა კიდევ გაიმართება.

საბჭო, ტექნიკურ საკითხებთან ერთად, ასევე იმსჯელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად და საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატების მოსმენის წარსამართად საორგანიზაციო საკითხებზე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.