საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები, დღის წესრიგის მიხედვით, 10 საკითხს განიხილავენ.
საბჭოს მიერ განსახილველი ძირითადი საკითხები გასულ კვირას მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის შედეგებიდან გამომდინარე გაიწერა. მეხუთე საკითხი ძველი თანამდებობიდან იმ მოსამართლეთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც 24 მაისს ჩატარებული კონკურსის შედეგად, სხვა თანამდებობაზე გადაინიშნენ.
მეექვსე საკითხი კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, პაატა სილაგაძისთვის სამოსამართლეო ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელებული ვადის ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწინებს. მიზეზი აღნიშნული მოსამართლეების უვადოდ განწესებაა.
საბჭო გასულ კვირას მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის წესით დანიშნული მოსამართლეების სპეციალიზაციების განსაზღვრაზეც იმსჯელებს.
სავარაუდოდ აღნიშნული კონკურსის შედეგად, სასამართლო სისტემაში შექმნილ ახალ რეალობას უკავშირდება საბჭოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მერვე საკითხი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს პალატების შემადგენლობის განსაზღვრას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭო უკვე ორი კვირაა, სწორედ სააპელაციო სასამართლოს პალატების შემადგენლობაზე მსჯელობს და გარკვეული ცვლილებებიც განახორციელა, აღნიშნული საკითხი დღევანდელ დღის წესრიგში ისევ მოხვდა. ჯერჯერობით საკითხის შინაარსი უცნობია. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს წევრი ირაკლი შენგელიაა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომის დასრულების შემდეგ, 24 მაისს ჩატარებული მოსამართლეთა კონკურის შედეგად დანიშნული სამი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. აღნიშნული მოსამართლეები იუსტიციის სკოლის მსმენელები იყვნენ.