იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხს განიხილავენ.

დღის წესრიგში შეტანილია საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და კოლეგიების შემადგენლობების თაობაზე. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს მოსამართლე წევრი ირაკლი შენგელიაა. საკითხის შესახებ დეტალები ჯერ უცნობია.

საბჭოს წევრები ასევე განიხილავენ „მედიაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისათვის ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას, მედიაციის პროცესში თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებასა და მედიაციის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველყოფას.

განსახილველ საკითხებს შორის არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“. კანონპროექტი ითვალისწინებს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას და მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობას, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფას.

საბჭოს წევრები ასევე განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ნაფიც მსაჯულთათვის (მსაჯულობის კანდიდატთათვის) სოციალური გარანტიების უზრუნველყოფას, ასევე მათი შერჩევის წესის დახვეწას გულისხმობს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი