იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხებს შორის არის 2018 წლის იანვრის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ანგარიში, რომლის განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა იანვარ-თებერვალში, ორ ეტაპად ჩატარდა. გამოცდა წარმატებით სულ 25-მა მსურველმა ჩააბარა.

ასევე დახურულ რეჟიმში გაიმართება მსჯელობა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საორგანიზაციო საკითხებზეც. საბჭოს წევრები, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნასა და საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილების ცვლილებაზე იმსჯელებენ.

გარდა აღნიშნულისა, საბჭო რამდენიმე ტექნიკურ საკითხზეც იმსჯელებს. მათ შორის არის საერთო სასამართლოებში, დაზღვევის, საშტატო ნუსხისა და საბიუჯეტო ცვლილებების საკითხები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.