იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. დღის წესრიგის თანახმად, საბჭოს წევრები ექვს საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხებს შორის არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წერილი. დავით მამისეიშვილი აპარატის საშტატო ნუსხაში ოთხი საშტატო ერთეულის დამატებას ითხოვს.

საბჭო ასევე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის რამდენიმე წერილზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და ერთ-ერთ სასამართლო დავაზე საბჭოს მოსაზრების დაფიქსირებას გულისხმობს.

საბჭოს სხდომის დღის წესრიგით არის გათვალისწინებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევის შესახებ ინფორმაციის მოსმენაც. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია. 20 თებერვალს ყველა დაინტერესებულ პირს პირველად მიეცა შესაძლებლობა, სასამართლოსგან კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება მიეღო სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით.

უფასო იურიდიული კონსულტაციის პროექტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 თებერვლის რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.