იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები, დღის წესრიგის თანახმად, ცხრა საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხებს შორის არის საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ქვეყანაში განხორციელებული „სასამართლო რეფორმის შეფასებას“ ითვალისწინებს. აღნიშნული კვლევა, საქართველოს იუსტიციის სამინიტროს დაკვეთით, ფრანგულმა ორგანიზაციამ ჩაატარა. კვლევითმა ორგანიზაციამ მართლმსაჯულების რეფორმის პირველი, მეორე და მესამე ტალღა შეისწავლა. კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის გასულ კვირას გასაჯაროვდა, დღეს კი საბჭოს წევრები საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ კვლევის მიგნებებთან დაკავშირებით.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, ვასილ მშვენიერაძის წერილზეც იმსჯელებს, რომელშიც თავმჯდომარე აპარატის საშტატო ნუსხაში სამი საშტატო ერთეულის დამატების საჭიროებაზე საუბრობს.

განსახილველ საკითხებს შორის არის ცვლილებები რამდენიმე კანონპროექტში, რომლებიც სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიმართვის განხილვის წესს ითვალისწინებს.

ცვლილებებია დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტშიც, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.