იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგით ოთხ საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის მიერ ინიცირებული ცვლილება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატურის შერჩევის წესს გულისხმობს.

არამოსამართლე წევრის ინიციატივა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული საბჭო პროცესზე დაკვირვების შედეგად სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნის მომზადებას გულისხმობს.

„კარგი იქნება, თუკი შეიქმნება საკონსულტაციო შვიდწევრიანი ჯგუფი, რომელშიც შევლენ იურისტები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, რომლებსაც ექნებათ სასამართლოსთან მუშაობის გამოცდილება და ამ საკონსულტაციო ჯგუფმა შეიმუშაოს ერთგვარი დასკვნა, პროცესის დაკვირვების შედეგად. საკონსულტაციო საბჭოს უნდა მიუწვდებოდეს ხელი იმ დოკუმენტაციაზე, რომელსაც კანდიდატი წარმოადგენს გასაუბრებაზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაესწროს სხდომას და დასვას შეკითხვა საბჭოს ნებართვით და მოამზადოს დასკვნა, ბოლო ეტაპზე, რომელიც იქნება საკონსულტაციო ხასიათის“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

გარდა აღნიშნულისა, საბჭო USAID/PROLoG-ის ექსპერტის, ბრაიან ლედუკის მიერ განხორციელებულ კვლევის შესახებ ინფორმაციას მოისმენს, რომელიც „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურებისა და დაგროვების შეფასების“ ინფორმაციას მოიცავს.
ასევე საბჭო არამოსამართლე წევრის, შოთა ქადაგიძის მიერ ინიცირებულ საკითხს მოისმენს, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობისა და მართლმსაჯულების ხარისხის შეფასების მიზნით, პროცესის მონაწილეთა და სასამართლოში მისული მოქალაქეებისათვის გამოკითხვის ჩატარებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.