იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელებენ.

განსახილველ საკითხებს შორის არის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის თარიღის განსაზღვრა.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატთა კენჭისყრასაც გამართავს. აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატებმა გასაუბრება უკვე გაიარეს, დღეს კი კენჭისყრის შედეგად გადაწყდება, ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს.

სასამართლოს მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის ძირითადი ფუნქცია სასამართლო სერვისების მიწოდებისა და საქმეთა ელექტრონული გადანაწილების ზედამხედველობაა.

საკუთარი წინადადება აქვს საბჭოს არამოსამართლე წევრ შოთა ქადაგიძეს, რაც, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობისა და მართლმსაჯულების ხარისხის შეფასების მიზნით, პროცესის მონაწილეთა და სასამართლოში მისული მოქალაქეებისათვის გამოკითხვის ჩატარებას გულისხმობს.

სასამართლოს მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება საბჭოს კიდევ ერთი წევრის, ლევან გზირიშვილის მიერ ინიცირებული საკითხი, რომელიც საერთო სასამართლოებში, დაინტერესებულ პირთათვის „ღია კარის დღის“ ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო წესის დამტკიცებას გულისხმობს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.