იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხთა შორის არის ინიციატივა, რომელიც მოსამართლისათვის, მხარეთა თანხმობის გარეშე, შეკითხვის დასმის უფლებამოსილების მინიჭებას გულისხმობს.

საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილავენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების საკითხს.

დღის წესრიგით არის გათვალისწინებული საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის ინიციატივაც, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება თანამდებობაზე ახლად გამწესებულ მოსამართლეზე საქმეთა გადანაწილების პრინციპი.

ორი მომხსენებელი ჰყავს ინიციატივას, რომელიც საბჭოს მოსამართლე წევრმა, თამარ ონიანმა და არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა შეიმუშავეს. საუბარია პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების დაფინანსების ნაწილის გაზრდილი მოთხოვნის წარდგენას საქართველოს პარლამენტისათვის იმ შემთხვევაში, თუ მის წარდგენაზე უარს იტყვის საქართველოს მთავრობა.

გარდა ამისა, ნაზი ჯანეზაშვილი სხდომაზე კიდევ ერთ ინიციატივას გაიტანს, რომელიც ითვალისწინებს დანამატის გაცემის შესაძლებლობას იმ მოსამართლეებზე, რომლებიც სასამართლოს თავმჯდომარის, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებენ.

საბჭო იმ მოსამართლეთა წერილებსაც განიხილავს, ვისაც თანამდებობაზე გამწესება უვადოდ სურთ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.