იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხს განიხილავენ.
განსახილველ საკითხებს შორის არის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კვლევა, რომელიც საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ახალი სისტემის სამართლებრივ და ტექნიკურ ანალიზს ეხება. ცნობილია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას, კვლევის საფუძველზე, გარკვეული შენიშვნები აქვს. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძეა.
გარდა ამისა, საბჭო ერთ-ერთი მოსამართლისთვის, რომელიც მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს, მეორე ეტაპზე გადასვლაზე უარის თქმის საფუძველს განიხილავს.
მოსამართლე დავით სვანაძეს დამატებითი ვადა ჰქონდა მიცემული დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის, კერძოდ, მას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან უნდა წარედგინა დოკუმენტი, რაც ვერ მოახერხა. აღნიშნული კი კანდიდატისთვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
საბჭო ასევე იმსჯელებს მოსამართლეთა შორის საარჩევნო დავების თანაბარ განაწილებაზე. რას ითვალისწინებს საკითხი, დეტალები ჯერ უცნობია.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.