იუსტიციის საბჭო სამი წლით გამწესებულ მოსამართლეებს უვადოდ გასამწესებლად კენჭს უყრის
იუსტიციის საბჭო სამი წლით გამწესებულ მოსამართლეებს უვადოდ გასამწესებლად კენჭს უყრის

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს იმ მოსამართლეებს უყრის კენჭს, რომლებიც თანამდებობაზე 2016 წლის 4 იანვრიდან სამი წლის ვადით გამწესდნენ. ასეთი სულ რვა მოსამართლეა, რომელთაც საბჭო 22 ნოემბერს გაესაუბრა და მათი საქმიანობის შესახებ მომზადებულ დასკვნებზე მოსამართლეთა თვითშეფასება მოისმინა. დღეს კი კენჭისყრის შედეგად გადაწყდება, ვინ გახდება უვადო მოსამართლე.

კენჭისყრა საბჭოს სხდომის დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო კიდევ ერთ კონკურსზე იმსჯელებს. საუბარია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე. სწორედ დღეს უნდა გადაწყვიტოს იუსტიციის საბჭომ, როდის გაიმართება კანდიდატთა კენჭისყრა. საკვალიფიკაციო გამოცდა 53-მა მოსამართლემ რამდენიმე თვის წინ ჩააბარა.

დღეს საბჭო ასევე იმსჯელებს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, იმ მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხის განხილვას, რომელსაც ერთხელ უარი ეთქვა თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს მოსამართლე წევრი ირაკლი შენგელიაა.

განსახილველ საკითხებს შორის არის კანონპროექტი ბიზნესომბუდსმენის შესახებ, რომელიც ითცალისწინებს
ბიზნესომბუდსმენისთვის საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის ფუნქციის განხორციელების შესაძლებლობას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი