იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვაკანტურ ადგილზე ხუთ კანდიდატურას განიხილავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვაკანტურ ადგილზე ხუთ კანდიდატურას განიხილავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებულ ერთ ვაკანტურ ადგილზე, დღეს ხუთი მოსამართლის კანდიდატურას განიხილავს.

კანდიდატებს შორის არიან ცნობილი მოსამართლეები, მათ შორის ერთ-ერთი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, რეზონანსული საქმეების განმხილველი მოსამართლე მაია შოშიაშვილია.

საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ გარკვეული ეჭვები აქვს ვაკანსიის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ჯანეზაშვილის განცხადებით, გადატვირთულობა, რის გამოც ვაკანსია გამოცხადდა, არის სხვა სასამართლოებშიც.

„ მოგვმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ და მოითხოვა, რომ მდგომარეობა, რომელიც არის ამჟამად რუსთავის საქალაქო სასამართლოში, გადატვირთულობასთან მიმართებაში, იქნეს გათვალისწინებული. მოგვმართა ხუთმა მოსამართლემ საბჭოში, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სასამართლოში. მათ შორის კიდევ ერთხელ მოგვმართა მოსამართლე გოჩა დიდავამ. ეს არის მოსამართლე, რომლის კანდიდატურაც განიხილებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში . რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს საბჭო არ ვიცი, მაგრამ გარკვეული ეჭვები მაქვს, რატომ გამოცხადდა ეს ვაკანსია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც აპარატისგან მოვიძიე, არაერთ სასამართლოშია  გადატვირთულობა, თუმცა მათი თავმჯდომარის მხრიდან ასეთი მოთხოვნა არ დაყენებულა. ეს ეჭვები უკავშირდება დიდავას განცხადებას, რადგან იგი საქალაქო სასამართლოში არ დაინიშნა და ეს საკითხი დაიხურა”,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ხუთ მოსამართლესთან გასაუბრების პროცესი დღეს ჩატარდება. რეგლამენტი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასაც ითვალისწინებს.