იუსტიციის საბჭო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესარჩევად კენჭისყრას გამართავს
იუსტიციის საბჭო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესარჩევად კენჭისყრას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრები რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვაკანტურ ადგილზე მოსამართლის შესარჩევად კენჭისყრას ჩაატარებენ.

საბჭომ ხუთ კანდიდატთან გასაუბრება გასულ კვირას გამართა, გადაწყვეტილების მისაღება კი ერთი კვირით გადადო. ჯერ უცნობია, ვისზე გააკეთებს არჩევანს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. არ არის გამორიცხული, საბჭოს არამოსამართლე წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ. ამის მიზეზი ის კითხვებია, რაც საბჭოს წევრებს პროცესთან დაკავშირებით აქვთ.

კენჭისყრა საბჭოს დღის წესრიგში მეორე საკითხად არის ჩანიშნული.

გარდა ამ საკითხისა, საბჭო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშსაც განიხილავს, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკებს ეხება.

კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროა. ანგარიშმა საბჭოს წევრთა უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია. მათ კვლევაში მოყვანილ ფაქტებს ცრუ და არაობიექტური უწოდეს.

აღნიშნული კვლევის შესახებ სხდომაზე მომხსენებელი საბჭოს მდივანი იქნება. სავარაუდოდ კვლევაზე საკუთარ პოზიციას სხვა წევრებიც დააფიქსირებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ სულ ცხრა საკითხზე იმსჯელებს. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.