იუსტიციის უმაღლესი საბჭო ოთხ მოსამართლეს თანამდებობიდან გაათავისუფლებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ოთხ მოსამართლეს თანამდებობიდან გაათავისუფლებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც ოთხ მოსამართლეს – ირაკლი შავაძეს, ასმათ კოხრეიძეს, დავით კეკენაძესა და მიხეილ ბებიაშვილს თანამდებობიდან გაათავისუფლებს. გათავისუფლების მიზეზი მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის სამწლიანი ვადის გასვლაა.

აღნიშნულ მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა 4 იანვარს ეწურებათ.

ირაკლი შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, რომლის სახელიც უკავშირდება ამავე სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილთან კონფლიქტს. შავაძე მამისეიშვილს ზეწოლასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. მას არაერთ კონკურსში ჰქონდა საბჭოში განაცხადი შეტანილი, თუმცა ვერც ერთ ვაკანსიაზე გასამწესებლად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა.

ირაკლი შავაძე ამ დროისთვის მოსამართლეების შესარჩევ კონკურსშიც იღებს მონაწილეობას. მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში, შავაძე სამოსამართლეო საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს.

რაც შეეხება დავით კეკენაძეს, ის ნორა კვიციანის საქმის განმხილველი მოსამართლეა.

ასევე ცნობილია, რომ მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ თავად თქვა სამოსამართლეო საქმიანობაზე უარი და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, განაცხადი ახალ კონკურსზე აღარ შეიტანა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წლის ბოლო სხდომას 11:00 საათზე გამართავს.