ერთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით დატოვა. შესაბამისად, დღევანდელ სხდომას საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში პირველად წარუძღვება გიორგი მიქაუტაძე.
სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, თუ როგორ აფასებს საბჭო უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მან საკუთარ უფლებაზე, დაასახელოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, უარი თქვა.
აღსანიშნავია, რომ თუ პრეზიდენტი არ შეცვლის გადაწყვეტილებას, ოქტომბერში, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, სწორედ იუსტიციის საბჭოს მოუწევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება.
რაც შეეხება საბჭოს სხდომის დღის წესრიგს, საბჭოს დღეს განსახილველად მხოლოდ ერთი საკითხი აქვს გამოტანილი, რომელიც ფორმალური შინაარსის არის. საკითხი მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსზე დარეგისტრირებული კანდიდატების მეორე ეტაპზე დაშვებას ითვალისწინებს. დღეს საბჭო ცნობად მიიღებს, თუ ვინ გადავიდა მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის მეორე, გასაუბრების ეტაპზე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აგვისტოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 43 ვაკანსიაზე გამოაცხადა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზე გაიმართება.