იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულთა ბიოგრაფიულ ცნობებს აქვეყნებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულთა ბიოგრაფიულ ცნობებს აქვეყნებს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იმ მოსამართლეთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები გამოაქვეყნა, რომლებიც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ. შესაბამისად, შეფასების შემდეგ კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გასაუბრებას გაივლიან.

კანდიდატებს შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე. იმ შემთხვევაში, თუ მას საბჭო მხარს დაუჭერს, მიქაუტაძე უვადო მოსამართლე გახდება. საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს 10 წლიანი სამოსამართლეო ვადა 2022 წლის 1 იანვარს ეწურება.

ასევე, კანდიდატთა შორის არიან საბჭოს მოქმედი წევრები: რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე, ასევე, კონკურსში სხვა მოქმედი მოსამართლეებიც მონაწილეობენ. საბჭოს მოქმედი წევრების კონკურსში მონაწილეობის მოტივაცია ჯერ უცნობია. რამდენიმე მათგანი უვადოდ გამწესებული მოსამართლეა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 43 ვაკანსიაზე გამოაცხადა. რეგისტრაცია 6 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 84 კანდიდატიდან მეორე ეტაპზე 79 გადავიდა, ორს უარი ეთქვა, სამ კანდიდატს კი, დოკუმენტების წარდგენისთვის დამატებითი ვადა მიეცა.