იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაციის მოძიების პროცედურების დახვეწაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაციის მოძიების პროცედურების დახვეწაზე იმსჯელებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცხრა საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის, საკითხი, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაციის მოძიების პროცედურების დახვეწას გულისხმობს.

ინიციატივის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა საბჭოში ადასტურებენ, რომ ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიგეგმა.

ორგანიზაციამ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის შესახებ რეკომენდაციები საბჭოს გასულ კვირას გააცნო.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ იმსჯელებს და მსურველთა მისაღებად თარიღს გამოაცხადებს. კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ კონკურსი ოქტომბერში გამოცხადდება.

გარდა ამისა, სხდომის დაწყებამდე, საბჭო 2018 წლის ივლისის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ანგარიშს, კონფიდენციალური ინფორმაციის გამო, დახურულ კარს მიღმა მოისმენს. შესაბამისად, სხდომა 10:30 საათზე დაიწყება, ხოლო 11:00 საათიდან განხილვა საჯარო გახდება.