იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევად კენჭისყრას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევად კენჭისყრას გამართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრას გამართავს, რომლის მიხედვითაც გაირკვევა, ვინ გააგრძელებს იუსტიციის სკოლაში სწავლას.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა კონკურსში 121 კანდიდატი მონაწილებდა, გასაუბრება კი 115-მა გაიარა. იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევად რეგისტრაცია სექტემბერში დაიწყო, თუმცა კენჭისყრა რამდენიმე თვის შემდეგ ჩაინიშნა.

აღნიშნული საკითხი იუსტიციის საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში მეცხრე საკითხად არის ჩანიშნული, მანამდე კი საბჭო საერთო სასამართლოებში ჩატარებული სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს წევრი შოთა ქადაგიძეა.

გარდა ამისა, იუსტიციის საბჭო, სააპელაციო სასამართლოში საშტატო ნუსხის გაზრდასა და პალატებსა და კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრაზე იმსჯელებს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.