იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას შეეხება. საკითხის შესახებ დეტალები უცნობია. მომხსენებელი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილია.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭოს წევრები რამდენიმე კანონპროექტსა და ტექნიკურ საკითხებზეც იმსჯელებენ. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის არის რამდენიმე სასამართლოში საშტატო ერთეულების დამატების შესახებ წინადადება.

ერთ-ერთი საკითხზე მომხსენებელი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც არის, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენის ინიცირებას, საქმეთა შემოსვლისა და დასრულების მაჩვენებლებს, საქმისწარმოების ვადებს, სხდომების გადადებისა და საქმისწარმოების შეფერხების მიზეზების შესახებ მსჯელობას ითვალისწინებს.

საბჭოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა მანამდე, 11:00 საათზე იმ მოსამართლეთა გასაუბრება გაიმართება, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ. ცნობილია, რომ სულ 60-მდე ვაკანსიაზე 50-ზე მეტმა მოსამართლემ გამოთქვა სურვილი.