იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, 12:00 საათზე სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით განსახილველ ცხრა საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნას ეხება. საკითხი საბჭოს დღის წესრიგში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოხვდა, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების გამო, სხდომა არ ჩატარებულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დღეს საბჭოს მოქმედი წევრი, ირაკლი შენგელიაა. სწორედ ამიტომ, თავად ირაკლი შენგელიამ დააყენა საკითხი, რომ საბჭოს მოვალეობის შემსრულებლის ადგილზე კანდიდატის შერჩევა მომხდარიყო. მაშინდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ მსურველებისთვის ერთკვირიანი ვადა მიეცათ იმისთვის, რომ საკუთარი განცხადებები შეეტანათ საბჭოში, თუმცა როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ამ დრომდე ვაკანსიაზე არც ერთი განაცხადი არ არის შესული. ჯერ უცნობია, როგორ გადაწყვეტს საბჭო აღნიშნულ საკითხს და ვინ იქნება კანდიდატი თანამდებობაზე გასამწესებლად.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო კიდევ რამდენიმე ტექნიკურ საკითხზე იმსჯელებს, მათ შორის სხვადასხვა სასამართლოებში მოსამართლეთა გადანიშვნის შესახებ.

სხდომის შემდეგ, 14:00 საათზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ კანდიდატთან, გოჩა ჯეირანაშვილთან გაიმართება გასაუბრება. კანდიდატი ბოლოა 50-კაციან სიაში, ვისაც საბჭო გაესაუბრება. გასაუბრების შემდეგ საბჭო კანდიდატთა 20-კაციანი სიის შესარჩევად კენჭისყრის თარიღზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.