იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს მოუსმინეს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს მოუსმინეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების მესამე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ სამ კანდიდატს მოუსმინეს. საბჭოს წევრებმა გასაუბრება დღეს თამარ ბურჯანაძესთან, მერაბ გაბინაშვილთან და მირანდა ერემაძესთან ჩაატარეს. კანდიდატებთან გასაუბრება 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ბოლოს, იუსტიციის ​საბჭოს არამოსამართლე წევრებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს და განაცხადეს, რომ გასაუბრების გახანგრძლივება ნორმალურ სამუშაო გარემოს არ ქმნის. ბრალდებებს საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა უპასუხა.

„ამ დემარშით კიდევ ერთხელ აშკარად გამოიკვეთა დღის წესრიგი, რომელსაც მისდევს ორი წევრი – ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. მათი მიზანი არის პროცესის ჩიხში შეყვანა. სხვა ვერაფერს დავარქმევ. მათ ისეთი წარმოდგენა აქვთ და საზოგადოებას ისეთ განცდას უქმნიან, თითქოს, მათი აქ ყოფნა აუცილებელია, თითქოს ისინი სვამენ ისეთ შეკითხვებს, რომელიც არის შეუცვლელი და რომელსაც გავურბივართ ჩვენ ან კანდიდატები.
ზუსტად ამიტომ, მიუხედავად მათი დემარშისა, მე, პირადად, მათი ფუნქცია შევითავსე. რა შეკითხვებსაც ნაზი ჯანეზაშვილი სვამდა, მისი აზრით განსაკუთრებით კრიტიკულ შეკითხვებს, რომლისაც თურმე ჩვენ გვეშინია, მე პირადად ვსვამდი და კანდიდატმა ამ შეკითხვებზე ისაუბრა. აქედან გამომდინარე, ეს არის უბრალოდ თითიდან გამოწოვილი მიზეზი, თითქოს შესაძლებლობას არ ვაძლევთ შეკითხვები დასვან. მათ, ეტყობა, მუშაობა დაეზარათ. საღამოს საათებში სადღაც ეჩქარებოდათ ან თოქშოუში ან ოჯახში უნდოდათ დასვენება. ამიტომაც, მიზეზად დაასახელეს ის, რომ თურმე საღამოს საათებში მუშაობა არის დაუშვებელი“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას ორშაბათს გააგრძელებს და ანბანის მიხედვით, მომდევნო სამ კანდიდატს გაესაუბრება.

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი 17 ივლისს დაიწყო.

დღემდე საბჭომ ცხრა კანდიდატს: ზურაბ აზნაურაშვილს, თამარ ალანიას, და დიანა ბერეკაშვილს, შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს, გიორგი გოგიაშვილს, თამარ ბურჯანაძეს, მერაბ გაბინაშვილსა და მირანდა ერემაძეს მოუსმინეს. ​გასაუბრების ეტაპის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრის მეშვეობით 50 კანდიდატიდან პარლამენტისთვის წარსადგენ მოსამართლეობის 20 კანდიდატს შეარჩევს.

დატოვე კომენტარი