იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი გაივლის გასაუბრების პროცესს. საბჭოს წევრთა კითხვებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი უპასუხებენ. გასაუბრების პროცესი 10:00 საათზე დაიწყება.

ნინო ქადაგიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც იუსტიციის საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს გასაჯაროებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციან სიაში იყო. საბჭოს არამოსამართლე წევრებს კითხვები სწორედ აღნიშნულ სიასთან დაკავშირებით აქვთ. ნაზი ჯანეზაშვილს აინტერესებს, თუ როგორ მოხვდა კანდიდატი 10-კაციან სიაში და ვისგან მიიღო შეთავაზება აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის შესახებ.

სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები და გადაწყვეტილებები იქნება ერთ-ერთი მთავარი კითხვა მეორე კანდიდატთან, ლაშა ქოჩიაშვილთან. საბჭოს არამოსამართლე წევრებს ასევე აინტერესებთ, რატომ დატოვა 2017 წელს კანდიდატმა ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობა“.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან 40-ს უკვე გაესაუბრა. 50-ვე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს გადაუგზავნის.