იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყება. საბჭო ორი დღის განმავლობაში სამ კანდიდატს გაესაუბრება.

დღეს გასაუბრების პროცესს ლევან თევზაძე და თამარ ოქროპირიძე გაივლიან.

ლევან თევზაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე და საბჭოს ყოფილი წევრია. ის, ერთხელ უკვე მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში და მან საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა. მიზეზად ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები დაასახელა. როგორც ცნობილია, ლევან თევზაძე საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ახლო ნათესავია. თევზაძემ ახლა უკვე მეორედ შეიტანა განაცხადი უმაღლეს ისტანციაში მოსახვედრად.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, თამარ ოქროპირიძეს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლეა. მან ერთხელ უკვე გამოთქვა უმაღლეს ისტანციაში მოხვედრის სურვილი, თუმცა ის პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა კონკურსს.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეს ვასილ როინიშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება, რის გამოც საბჭო ვალდებული იყო, უფლებამოსილების ამოწურვამდე სამი თვით ადრე ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოაცხადებინა. როინიშვილი თავადაც არის კონკურსანტებს შორის და ის გასაუბრებას 28 ნოემბერს გაივლის.

გასაუბრება საბჭოში 10:00 საათზე გაიმართება, რომლის შემდეგაც, 13:00 საათზე საბჭოს სხდომაც არის ჩანიშნული.