იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თეა ძიმისტარაშვილს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თეა ძიმისტარაშვილს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. ამ წუთებში საბჭოს წევრთა კითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა
ძიმისტარაშვილი პასუხობს. მოგვიანებით კი, გასაუბრება კიდევ ერთ კანდიდატთან,
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ თანამშრომელთან, ალექსანდრე წულაძესთან გაიმართება.

თეა ძიმისტარაშვილმა გასაუბრების დაწყებისას საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა.

„ჩემი გადაწყვეტილება, მიმეღო ამ კონკურსში მონაწილეობა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით. პირველ რიგში, გათვითცნობიერებული მაქვს ის უმნიშვნელოვანესი როლი, რაც აკისრია სასამართლოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და წინსვლის პროცესებში. წარმოუდგენელია დემოკრატიული სახელმწიფო დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლოს გარეშე. შესაბამისად, მოსამართლეებიც უნდა აკმაყოფილებდნენ იმ აუცილებელ კრიტერიუმებს, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და მიმაჩნია, რომ ჩემი პროფესიული გამოცდილება მაძლევს ამის საშუალებას, მოვსინჯო ძალები და მივიღო მონაწილეობა ამ კონკურსში“, – განაცხადა თეა ძიმისტარაშვილმა.