იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან მესხიშვილს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან მესხიშვილს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდა.

საბჭოში გასაუბრების პროცესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი გაივლის. კერძოდ, საბჭოს წევრთა კითხვებს ქეთევან მესხიშვილი და ლევან მესხორაძე უპასუხებენ.

ქეთევან მესხიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეა.

მესხიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გახდომის მოტივაციაზე ისაუბრა.

„ჩვენ, ძირითადად მოქალაქეებს გადაწყვეტილებებით ვესაუბრებით. იმას, რასაც გადაწყვეტილების დროს ვერ ვამბობ, გადამაქვს სამეცნიერო კუთხით და ვაქვეყნებ სამართლის სამეცნიერო ჟურნალში.

ჩემი საქმიანობის ცხრა წლის განმავლობაში ერთხელ მაინც რომ წავსულიყავი საკუთარ თავთან კომპრომისზე, დღეს აქ არ ვიქნებოდი. ჩემთვის სამოსამართლო საქმე არის ნდობით და არა ძალით მოსაპოვებელი კატეგორია. ამიტომ, ვგრძნობ რა ნდობას მხარეების მხრიდან, ეს არის ერთ-ერთი მოტივაცია, რამაც თქვენთან მოსვლა გამაბედინა.

დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო არის გზა ევროპისკენ. ევროკავშირის წევრები გავხდებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ – მოსამართლეები, ვიქნებით დამოუკიდებლები და სამართლიანები. ამიტომ, ჩემი და თქვენი დამოუკიდებლობა არის ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა ქეთევან მესხიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან უკვე 28-ს გაესაუბრა. ორმოცდაათივე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ, საბჭო, ფარული კენჭისყრით, 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.