იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან ცინცაძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან ცინცაძეს უსმენენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კითხვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ქეთევან ცინცაძე პასუხობს.

ქეთევან ცინცაძე დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობას თითქმის ორი წელია, იკავებს. ცინცაძე აღნიშნულ თანამდებობაზე საბჭომ 5 წლის ვადით დანიშნა.

„ჩემი პროფესიული განვითარება დაიწყო უზენაეს სასამართლოში. გავლილი მაქვს ყველა ეტაპი, რაც შეიძლება არამოსამართლემ გაიაროს სასამართლო სისტემაში, უზენაეს სასამართლოში სტაჟირებიდან დაწყებული. მქონდა შეხება საკასაციო სასამართლოში მიმდინარე ყველა ეტაპთან.

ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევა ჩემი მიღწევაა და ყველა იურისტისთვის ასე ჩაითვლება, იყო პირველი თანამდებობის პირი ქვეყანაში. ამ თანამდებობაზე დანიშვნის დღეს მე მარტო გახლდით, არ იყო აპარატი, არ არსებობდა ინსპექტორის ინსტიტუტი. დღეს არსებობს ინსპექტორის სამსახური, ცნობენ მას, ასევე არსებობს ანგარიშები მის საქმიანობაზე, ვფიქრობ, დადებითი. მზად ვარ ყველა გამოწვევისთვის და იმისთვის, რომ ყველა ჩემი დასკვნა, სადაც ჩემი პოზიციებია ასახული, იყოს საჯარო. საბჭოს წევრებს ჰქონდათ და აქვთ შესაძლებლობა, ჩემი დასკვნებით, რაც დაახლოებით 230 საქმესთან დაკავშირებით იყო წარმოდგენილი, შეაფასონ ჩემი მსჯელობის, ლოგიკური აზროვნების და სხვა უნარები“, – განაცხადა ქეთევან ცინცაძემ.

ქეთევან ცინცაძის თქმით, კანონი არ უზღუდავს თანამდებობის დატოვების შესაძლებლობას და თუ ის უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ იქნება არჩეული, საბჭო შეარჩევს ახალ კანდიდატს დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვერ დაიკავებს სასურველ პოზიციას, ცინცაძის თქმით, ის გაორმაგებული მოტივაციით გააგრძელებს მუშაობას ამჟამინდელ თანამდებობაზე.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური სასამართლო სისტემის ე.წ.მესამე ტალღის ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა. დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქციაა, ჩაატაროს პირველადი მოკვლევა მოსამართლის წინააღმდეგ დაწერილ დისციპლინურ საჩივარზე, ასევე მისი მოვალეობაა, მოამზადოს დასკვნა და წარუდგინოს საბჭოს განსახილველად.