იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს უსმენენ

არ არსებობს ჯარისკაცი, გენერლობაზე არ ოცნებობდეს, მაგრამ რომ გითხრათ, აქამდე არ მიფიქრია მაგ თემაზე, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, სააპელაციო სასამართლოს, საგამოძიებო კოლეგიის უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, პაატა სილაგაძემ, საქართველოს პირველი არხის კითხვას, მოიაზრებს თუ არა ის საკუთარ თავს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.

პაატა სილაგაძის განცხადებით, ის დღეს იუსტიციის საბჭოში გასაუბრებაზე მოსულია რიგითი პრაქტიკოსი მოსამართლის სტატუსით, იმისთვის, რომ კვლავ გააგრძელოს მუშაობა უზენაეს სასამართლოში.

„გამოცდილება დავაგროვე 10 წლის და შვიდი თვის განმავლობაში. მომიწია უზენაეს სასამართლოში მოღვაწეობა, ძალიან ბევრ სირთულეს, პროცესუალურს და მატერიალურს შევხვედრივარ და ეს გადაგვილახავს, მე მგონია ღირსეულად და წარმატებულად. ვფიქრობ, რომ ამ გამოცდილებას კვლავ შევმატებ და თუ გავაგრძელებ ისევ მოღვაწეობას უზენაეს სასამართლოში, ცუდი არ იქნება არც სასამართლოსთვის და არც ჩემი მომავალი პრაქტიკული ზრდისათვის.

არ მიფიქრია თავმჯდომარეობაზე, კონკურსზე რომ შემოვიტანე საბუთები, მხოლოდ მოსამართლეობაზე ვფიქრობდი და მომავალი გვიჩვენებს. არსებობს გამოთქმა, არ არსებობს ჯარისკაცი, გენერლობაზე არ ოცნებობდეს, მაგრამ რომ გითხრათ აქამდე არ მიფიქრია მაგ თემაზე“, – განაცხადა პაატა სილაგაძემ.

პაატა სილაგაძეს რამდენიმე თვის წინ ამოეწურა 10-წლიანი სამოსამართლეო ვადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე. ის დღეისთვის, სააპელაციო სასამართლოს, საგამოძიებო კოლეგიის უვადო მოსამართლეა.