იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნუგზარ სხირტლაძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ნუგზარ სხირტლაძესთან მიმდინარეობს გასაუბრება.
ნუგზარ სხირტლაძე არის 58 წლის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლე. მას უფლებამოსილების ვადა, 2019 წლის 20 ივლისს ამოეწურა, თუმცა ამ ეტაპზე მას ვადა აქვს გახანგრძლივებული, რათა მისი მონაწილეობით დაწყებულ საქმეებზე, დასრულდეს საქმის წარმოება.
ნუგზარ სხირტლაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტია ორჯერ ჰქოდნა მორგებული. პირველად ის უმაღლეს ისტანციაში, 2009 წელს აირჩიეს. კანდიდატის მოსაზრებით, სწორედ მისი წარსული გამოცდილება გახდა აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის საფუძველი.
„ჩემი მოტივაცია გახლავთ ის, რომ ამ ხნის განმავლობაში დაგროვებული მაქვს გარკვეული გამოცდილება სამოსამართლო საქმიანობის. სამოსამართლო საქმიანობა უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ნორმის განმარტებასთან, ინტერპრეტაციასთან, სამართლის განვითარებასთან. მოსამართლეობა მაძლევს შესაძლებლობას, მივიღო მონაწილეობა სამართლის განვითარებაში და ეს არის შემოქმედებითი საქმიანობა და ამიტომ, ჩემთვის ეს განსაკუთრებით მომხიბვლელია” განაცხადა ნუგზარ სხირტლაძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან უკვე 36-ს გაესაუბრა. ორმოცდაათივე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგაც კი, საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.